ანტიპერსპირანტების დილით გამოყენება უაზრობაა... - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიპერსპირანტების გამოყენებისას:

ანტიპერსპირანტების დილით გამოყენება უაზრობაა, ღამით უნდა გამოიყენოთ. ეს ნივთიერებები მაშინაა ეფექტური, თუ ისინი საოფლე ჯირკვლების სადინრებამდე მიაღწევენ. თუ დილით გამოიყენებთ, ამ დროს საოფლე ჯირკვლების სადინრები უკვე ოფლითაა გადავსებული და ანტიპერსპირანტების ეფექტურობა მცირდება. როგორც კი ღამით იბანავებთ, ტანი ძალიან კარგად გაიმშრალეთ. იღლიების მიდამო სველი არ უნდა იყოს. თუ იღლიების მიდამო სველი იქნება, ამ შემთხვევაში, ანტიპერსპირანტს რომ მიისხურებთ, წყალში გაიხსნება, სადინრებამდე ეფექტური კონცენტრაციით ვერც კი მიაღწევს და რამდენიმე საათში ეფექტურობას კარგავს. ამიტომ, საღამოს, ძილის წინ, დაბანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ კანი და ამის შემდეგ გამოიყენეთ.

გარდა ამისა, თუ იღლია ახალი გაპარსული გაქვთ, ეცადეთ, რომ არ გამოიყენოთ. გაპარსვიდან 24 საათის შემდეგაა ანტიპერსპირანტების გამოყენება რეკომენდებული. ახალ გაპარსულზე მეტალის ქლორიდი თავისთავად კანში ჩაჯდება და ამან შესაძლოა, გაღიზიანება გამოიწვიოს.

როდესაც ანტიპერსპირანტს გამოიყენებთ, შეეცადეთ, რომ ტანსაცმელი მჭიდროდ არ ჩაიცვათ. აცადეთ, რომ გაშრეს.

რაც შეეხება დატანას, დატანა იღლიიდან 15 სანტიმეტრის მოშორებით, 2 წამის განმავლობაში უნდა მოხდეს. იღლია კარგად უნდა დაფაროთ.