ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, თმის ცვენა, ტუჩის კუთხეების დასკდომა, თვალის უპეების ჩაშავება - გიორგი ღოღობერიძე ამ სიმპტომების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს

გიორგი ღოღობერიძე

თუ დაღლილობის განცდა გაწუხებთ და მაგალითად, მესამე სართულზე ცხოვრობთ, ერთ სართულს რომ აივლით, იღლებით, რამდენიმე მეტრის გავლისას გული გიჩქარდებათ, თმა უფრო მეტად გცვივათ, ვიდრე აქამდე გცვიოდათ და ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, თვალის უპეები ჩაშავებული გაქვთ და გგონიათ, რომ ეს ჩივილები ყოველდღიურობის ნაწილია - ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" აღნიშნული სიმპტომების ყველაზე ხშირად გამომწვევ მიზეზს ასახელებს:

- თუ ადვილად იღლებით, გული გიჩქარდებათ, თმა გცვივათ, ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, თვალის უპეები ჩაგიშავდათ, ეს ყველაფერი შეიძლება რკინის დეფიციტით იყოს გამოწვეული, რადგანაც ამ შემთხვევაში სხეულში ჟანგბადი ძალიან ცოტაა და მის გარეშე ძალიან გვიჭირს.

რკინის დეფიციტს ძალიან ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ქალებზე ვლაპარაკობთ, გოგონებში, როგორც წესი, ეს ჩივილები მენსტრუაციის დროს მოჭარბებული სისხლდენითაა გამოწვეული. თუ მენსტრუალური ციკლი 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, სისხლდენა 80 მლ-ზე მეტია, ამას შეუძლია რკინის დეფიციტი გამოიწვიოს. როგორც წესი, 40 მლ-ზე მეტ სისხლს არ უნდა კარგავდეთ და თავად მენსტრუაცია ტიპურად, 3-5 დღეზე, მაქსიმუმ 7 დღეზე მეტხანს არ უნდა გრძელდებოდეს. უფრო დიდი დროით როცა გრძელდება, მეტ სისხლს კარგავთ და ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, ტუჩის კუთხეების დასკდომა, თვალბუდეების ჩაშავება გივითარდებათ. 

 


თუ უფრო დიდი ასაკის ქალზე ვისაუბრებთ, აქ შეიძლება იგივე ჩივილები საშვილოსნოს ფიბროიდებით, როგორც პაციენტები ეძახიან - კვანძებით იყოს გამოწვეული. ისინი ასევე სისხლდენებით ხასიათდებიან.

გარდა ამისა, თუ საუბარია კიდევ უფრო დიდი ასაკის ქალზე, ამ შემთხვევაში აღნიშნული ჩივილები არა უშუალოდ საშვილოსნოდან სისხლდენებით, არამედ მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენებით იყოს გამოწვეული. ასაკთან ერთად, მსხვილ ნაწლავში პოლიპები, სიმსივნეები ძალიან ხშირია და ისინიც სისხლდენებით ხასიათდებიან.

თუ საშუალო ასაკის მამაკაცებსა და ქალებზეა საუბარი, მათ შემთხვევაში რკინის დეფიციტი შეიძლება წყლულოვანი დაავადებებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, კუჭის წყლულით, თორმეტგოჯას წყლულით, რადგან მათ ქრონიკული სისხლდენები ახლავთ ხოლმე და პაციენტი მცირე-მცირე რაოდენობით სისხლს კარგავს და ეს ჩივილები უვითარდება.

შეიძლება ადამიანს არც წყლული, არც პოლიპები და არც სიმსივნეები ჰქონდეს, მაგრამ რკინას ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს მაინც კარგავდეს.