ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
აქ თუ ძალებს მოვიკრებთ და ერთიანი ფრონტი გვექნება, ამ შემთხვევაში მეტ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ როგორც ამერიკის ადმინისტრაციისგან, ისე ევროპიდან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებიდან ციტატის გავრცელებაზე, რომელშიც ნათქვამია: „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი „ჰეზბოლასთვის“, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება“.
ჯაფარიძის თქმით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით არ არის ისეთი, რომ ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის კონტექსტში აქ რაღაც მოლოდინები გაჩნდეს.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ მაგას, რომ რადგან მადუროსთან მიმართებაში ოპერაცია ჩაატარეს, აქ რაღაც მაგის მოლოდინი უნდა გავაჩინოთ და საქართველოში რამე ოპერაციას ჩაატარებენ. არ არის დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით ეგეთი. ისინი მეტად არიან კონცენტრირებულები საკუთარ ნახევარსფეროზე, საკუთარ ნახევარსფეროში აკეთებენ რაღაცებს და მოლოდინი, რომ აქეთაც რამე ეგეთს იზამენ – არა. სხვა ტიპის მხარდაჭერა გვჭირდება, ოღონდ მაგ მხარდაჭერას აქ ძალების მოკრება სჭირდება, თუ აქ ძალებს მოვიკრებთ და გვექნება ერთიანი ფრონტი, ამ შემთხვევაში მეტ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ როგორც ამერიკის ადმინისტრაციისგან, ისე ევროპიდან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.