ზურაბ ჩხაიძე: 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ დაიწყო გზა, რომელმაც საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გასული 13 წელი ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული

ზურაბ ჩხაიძე

2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ დაიწყო გზა, რომელმაც საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა, - აცხადებს KTW ჯგუფის პრეზიდენტი ზურაბ ჩხაიძე.

როგორც იგი აღნიშნავს, გასული 13 წელი ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

„სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფოს იმ კურსს, რომელმაც მრავალი მიმართულებით, მათ შორის, თავისუფალი ბიზნესის განვითარების მხრივ, ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.

მრავალწლიანმა ბიზნეს საქმიანობამ და გამოცდილებამ კარგად დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემო ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის. ასეთ გარემოში ბიზნესის წინსვლა შეუქცევად პროცესად იქცევა.

უალტერნატივოა სახელმწიფოს ის პოლიტიკა, რომელიც სტაბილურობასა და გრძელვადიან განვითარებაზეა დაფუძნებული. ეს არამხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად საზოგადოების წინსვლის საფუძველია.

ვიზიარებ რა „ქართული ოცნების“ ხედვასა და მისწრაფებებს, მჯერა, რომ ერთად შევძლებთ მიღწეულის შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო ძლიერი მომავლის შექმნას.

მადლობა თითოეულ ქართველს, ვინც 13 წლის წინ ქვეყნის ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე დადგა და მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ საშვილიშვილო საქმის მთავარ შემოქმედს“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.