ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე შეეგუნენ მშვიდობიან ცხოვრებას, აზერბაიჯანი გააგრძელებს ძალისხმევას სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლისთვის

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე შეეგუნენ მშვიდობიან ცხოვრებას, აზერბაიჯანი გააგრძელებს ძალისხმევას სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული მიღწევები ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი რეგიონისთვის, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.

შეხვედრაზე ანტონიო კოშტამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიულოცეს ალიევს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებით ვაშინგტონში მიღწეული წარმატებები და იმედი გამოთქვეს, რომ ეს რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.