ზელენსკი: თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

ზელენსკი

 საუბარი მხოლოდ ომის დასრულების პოტენციურ პირობებს არ ეხებოდა, ჩვენ უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის საკითხზეც ვისაუბრეთ, - განაცხადა კიევში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებსაც.

„თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება და ჯერჯერობით ასე ჩანს, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დღეს დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. აქტუალურ საკითხად რჩება ტერიტორიული საკითხიც. ასევე განვიხილეთ, უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური გარანტიები, უკრაინის აღდგენის საკითხი. შევთანხმდით, რომ უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეები ერთმანეთს მალე შეხვდებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებები სამ რაუნდად გაიმართა და ბოლო რაუნდს საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა და ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.