გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ნია იმნაძე

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:

 "გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბოლო კვირებია ნია იმნაძის ადვოკატი და ოჯახი პრაქტიკულად დღე და ღამე საქმის მასალებს ვკითხულობთ.

ყველა გვერდი, ყველა დოკუმენტი, ყველა ჩვენება, ყველა მიმოწერა, ყველა სიტყვა — თითოეული დეტალი არაერთხელ იქნა წაკითხული, შესწავლილი და გაანალიზებული.

Საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ნია იმნაძემ ვინმე გიგა ავალიანზე თავდასხმისკენ წააქეზა.
არც ერთი. Ნული.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნიამ ვინმეს თავდასხმა დაავალა, რომ ნია იმნაძემ ვინმეს გიგა ავალიანის ცემა ან მისთვის ზიანის მიყენება სთხოვა.

არ არსებობს იმის მტკიცებულებაც კი, რომ ნიამ წინასწარ იცოდა, რომ გიგა ავალიანთან ვინმე დაპირისპირებას აპირებდა.

სამაგიეროდ, არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ნია იმნაძეს არ შეიძლება სცოდნოდა, რომ მისი შეყვარებული გიგასთან ასვლას აპირებდა.
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა:

შეიძლება თუ არა ერთი ადამიანის პირადი შურისძიება, როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს მისი ტკივილი, საზოგადოებრივი ზეწოლის საშუალებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებად გადაიქცეს?
თუ შეიძლება — მაშინ პრობლემა ნია აღარ არის.

პრობლემა ჩვენ ვართ.
პრობლემა ის სახელმწიფოა, სადაც ყველაზე ხმამაღალი ხმა მტკიცებულებაზე ძლიერი ხდება.

პრობლემა ის სასამართლოა, რომელსაც საზოგადოების დასამშვიდებლად ადამიანის მსხვერპლად შეწირვა შეუძლია.

და პრობლემა ის საზოგადოებაა, რომელიც ამას უყურებს და ამბობს:
„მე არ მეხება.“
გეხებათ.
ყველას გვეხება.

უდანაშაულობის პრეზუმფცია სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც მთელი ქვეყანა ადამიანის წინააღმდეგ არის განწყობილი.
სასამართლოს დამოუკიდებლობა სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც ქუჩა განაჩენს ითხოვს.

მტკიცებულება სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც ემოცია გვარწმუნებს, რომ მტკიცებულების გარეშეც ყველაფერი ვიცით.
დღეს ეკრანზე ნიას სახეა.

ხვალ შეიძლება თქვენი შვილის ფოტო იყოს.
თუ დღეს დავუშვებთ, რომ 16 წლის ბავშვი მტკიცებულების გარეშე შეეწიროს პირად შურისძიებას და საზოგადოებრივ რისხვას, ხვალ ვეღარ მოვითხოვთ სამართლის იმავე პრინციპების დაცვას საკუთარი შვილებისთვის.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ: ჩვენ არავის ვთხოვთ, ნიას უდანაშაულობა ბრმად დაიჯეროს.

საერთოდ არაფრის ბრმად დაჯერებას არ გთხოვთ.

ნუ დაუჯერებთ ბრმად ნიას ოჯახს.
ნუ დაუჯერებთ ბრმად ეკა კუპატაძეს.
ნუ დაუჯერებთ ბრმად პროკურატურას.
მოითხოვეთ მტკიცებულება. დაუჯერეთ საკუთარ თვალებს. საკუთარ თავს.
ეს არის ყველაფერი, რასაც ვითხოვთ.
გიგა ავალიანის დედისა და ოჯახის ტკივილი ერთი წამითაც არავის ნიას ოჯახიდან არ დაუკნინებია. შვილის დაკარგვა წარმოუდგენელი ტრაგედიაა.
ტკივილი ადამიანს აძლევს გლოვის უფლებას. აძლევს პასუხების მოთხოვნის უფლებას.
აძლევს სამართლიანობის მოთხოვნის უფლებას — და ასეც უნდა იყოს.
მაგრამ არ აძლევს უფლებას თავად განსაზღვროს, ვინ უნდა დაისაჯოს.
თუ სახელმწიფო ამ ზღვარს წაშლის და პირად შურისძიებას სასამართლოს ძალას მისცემს, ეს უკვე მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია აღარ იქნება.
ეს იქნება სამართლის დამარცხება.
და თუ, მიუხედავად იმისა, რომ ნიას წინააღმდეგ წაქეზების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, სახელმწიფო მაინც გადაწყვეტს 16 წლის ბავშვის დასჯას, ყველამ წინასწარ იცოდეს ერთი რამ:
მისი ოჯახი ამას არასოდეს შეეგუება.
ჩვენ არ გავჩუმდებით.

ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იქ, სადაც ერთი სასამართლო პროცესი დასრულდება.
გამოვიყენებთ ყველა კანონიერ შესაძლებლობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

მივმართავთ ყველა შესაბამის სასამართლო ინსტანციას, ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს და ყველა იმ ინსტიტუციას, რომელსაც ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს დაცვა ევალება.

ყველა დოკუმენტი, ყველა მტკიცებულება, ყველა პროცედურული გადაწყვეტილება და ყველა შესაძლო დარღვევა იქნება შესწავლილი და წარდგენილი საერთაშორისო დონეზეც" - ნათქვამია განცხადებაში