„ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ დაახლოებით 70-80%-ით ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია“ - ალექსანდრე რატიშვილი

ალექსანდრე რატიშვილი

"იმედი მაქვს, რომ ერთად, საპარლამენტო, სამთავრობო კომისია, ჩვენი ჩართულობით, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და, ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკითხი საქართველოში ამოიწურება, თუმცა მარტივი არ იქნება", - ამის შესახებ "ემსიბი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა, "რუსთავი 2-ზე" ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

როგორც ალექსანდრე რატიაშვილმა აღნიშნა, საკითხზე მუშაობისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანა 70-80%-ით იმპორტდამოკიდებულია.

"დიდი ხანია, ეს პრობლემა არსებობს. წინა შეხვედრაზე ბატონ პრემიერს და მის გუნდს მადლობა გადავუხადე, რომ ეს საკითხი ასეთი სერიოზულობითა და დეტალიზებით განიხილა, თუმცა პრობლემა არსად წასულა და იმედი მაქვს, რომ ერთად - საპარლამენტო, სამთავრობო კომისია, ჩვენი ჩართულობით ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და, ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკითხი საქართველოში ამოიწურება, თუმცა მარტივი არ იქნება. ფასების საკითხი არის რთული. ფასი არის მთელი ეკონომიკური პროცესის პირამიდის ბოლო გამოხატული პარამეტრი, რომელზეც უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას.

ახლა ვსაუბრობ როგორც მწარმოებელი, ასევე როგორც მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და ჩვენი ტკივილი, განსაკუთრებული ტკივილია, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის და რეალური დოვლათს შექმნისთვის სწორად წარმოება უნდა განვავითაროთ და მას უნდა შევუწყოთ ხელი. კვების პროდუქტებში, რაც ყველაზე მტკივნეულია, დაახლოებით, 70-80-ით ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია", - განაცხადა ალექსანდრე რატიაშვილმა.