ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ომი არ დაგვეშვა - ირაკლი კობახიძე

თავმჯდომარე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში ომი არ დაეშვა. 

„ნატოს წევრი არ არის უკრაინა და შესაბამისად, მეხუთე პუნქტი არ მოქმედებდა, ეს წინასწარ ვიცოდით. სამწუხაროდ, პროგნოზირებადი იყო ის მძიმე შედეგები, რაც ამ თვალსაზრისით მივიღეთ. სამწუხაროდ, მეხუთე პუნქტი არც საქართველოზე ვრცელდება. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენდით იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა ქვეყანაში, ეს იყო ჩვენი მთავარი საზრუნავი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ნატოს მეხუთე მუხლი ვერ გვიცავს, სწორედ ამის გამო განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებდა, რაც გამოვიჩინეთ.

ის, რომ საქართველოში ომი არ დაწყებულა, სწორედ სიფრთხილის შედეგია. თუმცა ხედავთ, რომ ჩვენი ოპოზიცია არის ძალიან სერიოზული დასაფიქრებელი მოვლენა, თუ საუბარია იმაზე, ვინ ატარებდა რუსულ ინტერესებს 24 თებერვლიდან მოყოლებული, ძალიან ადვილად შეგიძლიათ დაადგინოთ. საქართველოში იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოში სამხედრო ინტერვენცია სურდა, არა მარტო სურდა, ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს საპირისპიროს ვაკეთებდით. ამ 1 თვის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა“, - განაცხადა კობახიძემ.