ყველა სახელმწიფოში, პოლიციელზე თავდასხმა ითვლება მძიმე დანაშაულად, მზია ამაღლობელი არა მარტო კონკრეტულ ადამიანზე აკეთებდა შეტევას, არამედ, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას, დაკნინებას და ჩამოშლას ითვალისწინებდა ამ ქმედებით - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ფაქტი არის სახეზე: ამ ადამიანმა პოლიციას ჯერ სტიკერი მიაკრა, რაც პოლიციის შეურაცხმყოფელი ქმედება იყო, ამის გამო იგი დაკავებული იქნა, მაგრამ ადმინისტრაციული გაფრთხილება მიიღო და ამის შემდეგ გათავისუფლებულ იქნა. გათავისუფლებიდან სულ ცოტა ხანში, როცა არანაირი პროვოცირება არაფრის არ ხდებოდა, მან პროვოკაციულად სილა გააწნა პოლიციელს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, მზია ამაღლობელის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელზე თავდასხმა ყველა სახელმწიფოში ითვლება მძიმე დანაშაულად, თუმცა, ამ შემთხვევაში, მზია ამაღლობელის ქმედება განპირობებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებით და შეურაცხყოფის მიყენებით, რასაც რადიკალური ოპოზიცია მთელი ეს პერიოდია სჩადის. „აქ გადატანა უნდათ იმაზე, რომ ამ ქალბატონის სილა მტკივნეული იყო თუ არა ამ მამაკაცისათვის და ა.შ. აქ ამაში კი არ არის საქმე, საქმე არის იმაში, რომ ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, სახელმწიფოს გამოუცხადოს ტოტალური დაუმორჩილებლობა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროცესში.

ყველა სახელმწიფოში, უბრალოდ ყოფით ვითარებაშიც კი, პოლიციელზე თავდასხმა ითვლება მძიმე დანაშაულად, მაგრამ ამავდროულად, ეს განპირობებული იყო სწორედ ამ მანკიერი მიზნით, რომლითაც ის არა მარტო ერთ კონკრეტულ ადამიანზე აკეთებდა შეტევას, არამედ, მთელი ეს პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი გამომხატველი იყო ეს ქალბატონი, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას, მათ დაკნინებას და ჩამოშლას ითვალისწინებდა ამ ქმედებით, რასაც მთელი ეს პერიოდი რადიკალური ოპოზიცია სჩადიოდა.“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მზია ამაღლობელის შიმშილობა წმინდა პოლიტიკური ხასიათის აქტია. ქადაგიშვილი მოუწოდებს მასაც და მის მხარდამჭერებსაც, ეს თემა არ გამოიყენონ პოლიტიკურ ზვარაკად და შეწყვიტოს შიმშილობა. „ზოგადად, პატიმრობაში მყოფი ადამიანის შიმშილობას აცხადებს ხოლმე, როდესაც მისი უფლებები ირღვევა, როგორც პატიმრის: ან არასათანადო მოქცევის ქვეშ არის, ან წამების ქვეშაა, ან არასათანადო კვება აქვს, ან პაემანი აქვს აკრძალული, ან ადვოკატი, ან სამართლიანი სასამართლოს მიმართ წვდომა აკრძალული აქვს და ა.შ. - არც ერთი ეს პირობა, ამ შემთხვევაში, არ დგას, იმიტომ, რომ ჩვენი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა სულ სხვა ჰუმანური პირობებით ეპყრობა ყველა პატიმარს. ანუ, მისი შიმშილობის აქტი წმინდა პოლიტიკური ხასიათის აქტია, ეს არის მისი პოლიტიკური არჩევანი და არა პატიმრობის დროს შელახული ამა თუ იმ უფლების გამო გამოწვეული პროტესტი.

მე მოვუწოდებ ქალბატონ მზიასაც და მის მხარდამჭერებსაც, რომ ამ თემას პოლიტიკურ ზვარაკად ნუ გამოიყენებენ, იმიტომ, რომ ადამიანის ჯანმრთელობას აქვს ზღვარი, პენიტენციური და სამედიცინო სამსახური მუდმივი მონიტორინგს ქვეშ ამყოფებს მას, მაგრამ მასაც და მის მომხრეებსაც მოვიწოდებ, რომ მოუწოდონ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ, მან თავისი პოლიტიკური მესიჯი უკვე გააჟღერა, დანარჩენი უკვე სასამართლოს საქმე გახლავთ.“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.