პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტი

პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 85 ხმით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში უმცროს ექიმს შეიძლება მიეცეს უფლება, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი კანონპროექტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით, ასევე თუ ამავე პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობის რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ცვლილებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად, შესაბამის დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში უმცროსი ექიმის მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.