ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე, თავად უთხრას საზოგადოებას, შეხვდა თუ არა კელი დეგნანს 24 თებერვლის შემდეგ და ვისი ინიციატივით - დამოუკიდებელი დეპუტატები

ოცნების ყოფილი დეპუტატები

პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ღია წერილით კელი დეგნანს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

„უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

დამოუკიდებელი დეპუტატები ასევე მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს და სთხოვენ, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის.

„რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შეღავათი იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით და შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უპირატესობის განეიტრალება თქვენთვის პრინციპული ამოცანაა.

გარდა ამისა, გვესმის, რომ მეორე ფრონტი დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა. თუმცა, როდესაც ამგვარი მიზანი გამოძრავებს, უნდა გაბედო და ქართველ ხალხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთავარია, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მისცე და მის ზურგსუკან, კულისებში მისი ხელისუფლების დარწმუნებას თუ იძულებას არ უნდა ეცადო. იმასაც ვიტყვით, რომ გვაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საუბრები იმართებოდა კონკრეტულ კაბინეტებში, თუმცა, ამ საუბრების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავაც თავს შევიკავებთ.

აქვე ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული.

ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისათვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.