ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან - დამოუკიდებელი დეპუტატები

დეპუტატები

საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ.

„უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. 

„ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და მრავალ ეჭვს გაფანტავდა, მათ შორის გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარიული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. თუმცა, თქვენს მიერ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ამ ეჭვს, პირიქით, საბოლოოდ გვიმყარებს.

რომ შევაჯამოთ, თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ:

თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას;

თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას;

თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას;

თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.

რადგან გაქვთ იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად შეგიძლიათ ჩაერიოთ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეთ. თუმცა, ჩვენს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჩართვა არჩიეთ. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარების ლეგიტიმურ კითხვებს გაურბიხართ, სიმართლის გაგებას გვიკრძალავთ და ჩვენი გაჩუმება გინდათ, ეს თქვენს დამოკიდებულებას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ცხადად აჩვენებს. ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის – ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა“,- ნათქვამია განცხადებაში.