ვიყავი მზად მონაწილეობის მისაღებად, ვარ და ვიქნები - ნიკა მელია შიდაპარტიულ არჩევნებზე

მელია

ვიყავი მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვარ და ვიქნები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მისმა თანაპარტიელებმა ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს, რომლებსაც, ნიკა მელიას თქმითვე, როგორც ჩანს, შორსმიმავალი მიზნები აქვს.

"თუ რა გახდა რეალური მიზეზები და მიზანი ამ საკითხის ასე ნაჩქარევად, ამ ფორმით, ასე მოუმზადებლად გამოტანისა, ამას უახლოესი პერიოდი აუცილებლად მოჰფენს ნათელს და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრა ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პოლიტპატიმრებთან მიმართებაში - ვგულისხმობ მიშა სააკაშვილს და ნიკა გვარამიას.

თვე-ნახევრის წინ, მე პირადად გამოვედი ინიციატივით პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე მათ შორის იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც დღეს დილიდან საუბრობენ არჩევნების ჩატარების თაობაზე. თანხმობა არჩევნების ჩატარებაზე იყო ყველა ჯგუფის მხრიდან. ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა პირველ რიგში ის, რომ როდის და როგორ უნდა ჩატარებულიყო. თუ ჩემთვის რაიმე კომფორტულია, ეს არის არჩევნები და მასში მონაწილეობის მიღება- იქნება ეს გარე თუ შიდა ტიპის.

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო ღია და საჯარო არჩევნების ჩატარების მომხრე.  მსურს, ყველამ იცოდეს - ვიყავი მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვარ და ვიქნები მით უფრო, როცა ძალიან ბევრი მაქვს სასაუბრო სიმართლის თაობაზე საკუთარი პარტიის ამომრჩეველთან.

ვისაც გნებავთ, სადაც და როცა გნებავთ მზად ვარ ამისთვის და განსაკუთრებით ეს იციან იმ ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში პირადად იღებდნენ მონაწილეობას უკანასკნელი თვე-ნახევრის განმავლობაში. დეტალების თაობაზე თუ როგორ უნდა ჩატარდეს, პარტია იმსჯელებს მათ შორის მათთან ერთად, ვინც ჩემი რწმენით დღეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს, რომელსაც როგორც ჩანს შორსმიმავალი მიზნები აქვს. მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს და იყოს მრავალათასიანი ამომრჩევლით უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც მეყოლება კონკურენტი, რომელიც იმედია უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. ამომრჩეველს მიეცემა გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა," - განაცხადა ნიკა მელიამ.