პირი, რომელიც თბილისში ქართველებს აგინებდა, რუსი ოლიგარქის შვილია - ნიკა მელია

დაკავებული რუსი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე ქართველებს აგინებდა, პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილია. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კოპილკოვი ამჟამად უკვე თავისუფალია.

„ეს პირი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე, აღმოჩნდა, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვი. ის პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათი დააკავა და რამდენიმე საათშივე გაათავისუფლა გასაგები მიზეზების გამო.

პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან, სირიაში, ყირიმსა და უკრაინის ომში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტების და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში.

კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის სპონსორი, ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის, ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების, ალეშერ უსმანოვის და იგორ შეჩინის, რომელზეც უკრაინაში ომის პირობებში ერთ-ერთ პირველებზე დაწესდა საერთაშორისო სანქციები. კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან", - თქვა ნიკა მელიამ.