როცა ნიკა მელია ავირჩიეთ, სულ სხვა ამოცანები იდგა, დღეს სხვა ამოცანებია - დავით კირკიტაძე

დავით კირკიტაძე

პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წევრი, დავით კირკიტაძე ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა არჩევნების ჩატარებას მიესალმება. კირკიტაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერი ქვეყანაში, მათ შორის კრიზისიც კი  არჩევნების გზით გადაწყდეს.

აქვე, კირკიტაძე აცხადებს, რომ როცა თავმჯდომარედ ნიკა მელია იქნა არჩეული, სულ სხვა ამოცანები იდგა, დღეს კი სხვა ამოცანებია.

„ძალიან ბევრი ღირსეული ლიდერი, ძალიან ბევრი ღირსეული მხარდამჭერი, რომელსაც შეიძლება აქამდე არ უჭირავს არც ერთი პარტიული თანამდებობა, მაგრამ ჰქონდეთ სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში და ბუნებრივია, მათ უნდა მიეცეთ ეს შესაძლებლობა.

ერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, არავინ ვისაც სურს ნაციონალური მოძრაობის გაძლიერება, ვისაც სურს ჩვენი მხარდამჭერების კონსოლიდირება, ვისაც სურს ამ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის დამკვიდრება, არ უნდა იყოს წინააღმდეგი არჩევნების და არჩევნებში ფართო ჩართულობის. ეს არის აქსიომა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ამ ქვეყანაში, ელემენტარული, კრიზისიც კი უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით. ეს უნდა დავამკვიდროთ, არა მხოლოდ შიდა პარტიულ, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი და მიგვიცია არა ერთი მაგალითი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის და ახლაც, არა მგონია ვინმე იყოს ამის წინააღმდეგი. მაგრამ, მათ განცხადებას, რაც დღეს გააკეთეს და მათ სულისკვეთებას მე მივესალმები, იმიტომ რომ ესენი არიან ახალგაზრდა ხალხი, ნაციონალური მოძრაობის მომავალი,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.