ვისაუბრებთ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებზე - საინტერესოა რა პასუხებს გასცემენ კითხვებს - რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება, რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას და ა.შ. - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

იქნება ძალიან ბევრ დანაშაულზე საუბარი, ესაა ის დანაშაულები, რომლებიც ნაცმოძრაობამ 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მან ისაუბრა საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.

„ეს დანაშაულები იყო სისტემური და იგივე კვალიფიკაცია მიანიჭა სტრასბურგის სასამართლომ, რომ იყო სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მოქალაქეების საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ძალიან საინტერესოა ამასთან, ისინი რა პასუხებს გასცემენ კითხვებს, რომელიც 2008 წლის ომს ეხება, როგორ აღმოგვაჩინეს რუსეთთან ომში, რატომ აღუდგინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთს ავტონომიური ოლქი და შემოუხაზეს საზღვრები, რომლის მიხედვითაც დღეს მიმდინარეობს ბორდერიზაცია. რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება, რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას იმასთან დაკავშირებით თითქოსდა საქართველომ შეუქმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი რუსეთს, რომ განეხორციელებინა აგრესია და ა.შ.“, - განაცხადა მაჭავარიანმა.