1732386875
ვიდრე ნაცმოძრაობა ბოლომდე არ დასუსტდება, სულ გვექნება პოლარიზაცია - ირაკლი კობახიძე
დეპოლარიზაციისთვის ერთადერთი რეცეპტი ნაცმოძრაობის დასუსტებაა, ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ნაცმოძრაობა ბოლომდე არ დასუსტდება, მანამდე სულ გვექნება პოლარიზაცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი“ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ პოლიტიკური ძალის და მისი სატელიტების ადგილი აღარ არის.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ პარტიის ადგილი აღარ არის, ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება აირჩიონ, მაგრამ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ პოლიტიკური ძალის და მისი სატელიტების ადგილი არ არის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეკითხვაზე, როგორ არის ეს შესაძლებელი და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია.
„ბევრი მიზეზი ქონდა ამ ყველაფერს, ხშირად ანგარიშს ვუწევდით მათ ლობისტებს, მხარდამჭერებს. ამის დრო დამთავრდა. თუ ვინმეს უნდა ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნება, ან მისი შენარჩუნება როგორც მორიელის, პოლიტიკურ სისტემაში, ამისთვის ანგარიშის გაწევა აღარ შეიძლება და ბოლომდე უნდა მივყვეთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია და ნაცმოძრაობის მაქსიმალურად დასუსტება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეიძლება თუ არა აღმოჩნდეს ამის მაპროვოცირებელი მცირე პარტიების გაძლიერება - ამ კითხვას ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ თუ ნაცმოძრაობა დასუსტდება, ეს ბუნებრივად ასე მოხდება.
„გამორიცხულია, რომელიმე დემოკრატიულ სისტემაში მმართველმა პარტიამ აიღოს 70-80-90 % არჩევნებში. 60%-იც კი არაბუნებრივია. შესაბამისად, ნაცმოძრაობის დასუსტება ავტომატურად გამოიწვევს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას ამ პოლიტიკურ სისტემაში და ეს უნდა იყოს ამოცანა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა.
„წელს არ ვაპირებთ ამ კანონპროექტის განხილვას, 2023-ში ან 2024-ში. აქაც მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, რომ თუ დავინახეთ სვლა დეპოლარიზაციისკენ, ჩვენი მოტივაცია გაიზრდება, რომ უფრო დაბალი ბარიერი დავადგინოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და თუნდაც იმოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური მოცემულობით მივალთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმდე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.