ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტრაგედია ოკუპორებულ გალში
1736072835
ვფიქრობ, ევროპაში ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება. ასევე, შესაძლოა, ჩვენთვის ბევრი რამ შეიცვალოს ტრამპის დაბრუნებასთან ერთად. მის მიდგომებს ბევრი საერთო აქვს „ქართული ოცნების“ პოზიციასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მიქანაძის თქმით, დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი არსებობს.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყნებთან მიმართებით არსებობს მიზანმიმართული ორმაგი, მე ვიტყოდი, სამმაგი სტანდარტის გამოყენების პოლიტიკა. ზოგიერთი კანონის მიღება როდესაც შესაძლებელია საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, მსგავსი და კიდევ უფრო ლიბერალური კანონების მიღება რატომღაც შეუძლებელია საქართველოში. ვხედავთ, რომ დასავლეთისთვის მიუღებელია პოლიტიკა, რომელიც იცავს ოჯახურ და ეროვნულ ფასეულობებს, ჩვენი ქვეყნის კულტურულ, ისტორიულ ტრადიციებს. საქართველოსთვის კი, ხალხის უმრავლესობისთვის, ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. დასავლეთის თვალსაზრისით, მონაწილეობა უნდა მივიღოთ მხოლოდ იმ ნარატივების მხარდაჭერაში, რომლებიც მნიშვნელოვანია ზოგიერთი უმცირესობისთვის, რომლებიც მხარს არ უჭერენ ჩვენი საზოგადოების ტრადიციულ ღირებულებებს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 54%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ 11% მიიღო. ანუ, გამარჯვებულ პარტიასა და ოპოზიციას შორის განსხვავება 43%-ს შეადგენს. თუნდაც ერთობლივად ავიღოთ ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში, მათ 15-16%-ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მმართველ პარტიას. ეს მეტყველებს, რომ 12 წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნისას, მმართველმა პარტიამ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი, მისაღებია მოსახლეობისთვის. რაც მთავარია, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. 1991 წლის შემდეგ ეს არის პირველი მთავრობა, რომელმაც შეძლო საქართველოში სტაბილური მშვიდობის მიღწევა.
ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რა წინააღმდეგობების წინაშე დგას აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი, ისევე როგორც თქვენ გესმით, რა დაბრკოლებების წინაშე ვდგავართ. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით. ზოგი ამას უკმაყოფილო და შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში არსებობდნენ იმპერიები, რომლებმაც დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო, მართავდნენ გიგანტურ ტერიტორიებსა და ხალხებს, მაგრამ დღეს მათ ვერ ნახავთ მსოფლიო რუკებზე. ჩვენმა შედარებით პატარა ქვეყნებმა და ხალხებმა შეძლეს, გადარჩენა და შეძლეს, შეენარჩუნებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა და, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომართული იმ ღირებულებებისა და ტრადიციებისკენ, რომლებიც მხარს უჭერდა ჩვენს იდენტობას, თვითმყოფადობას. სხვათა შორის, ევროპის რიგ ქვეყნებში, არა მხოლოდ უნგრეთსა და სლოვაკეთში, არამედ გერმანიაშიც, მემარჯვენე ძალებმა უკვე თქვეს თავიანთი წონიანი სიტყვა. იგივე პროცესები მიმდინარეობს ავსტრიასა და საფრანგეთში. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ მემარჯვენე ძალები, რომლებიც, პირველ რიგში, მიმართულია ეროვნული პრიორიტეტებისა და თვითიდენტიფიკაციის მხარდასაჭერად, სულ უფრო მეტ ძალას, მხარდაჭერას იძენენ, ხოლო მემარცხენე ლიბერალური ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ გამოდიან, კარგავენ ძალას. ასე რომ, ვფიქრობ, ევროპაში ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება. ასევე, ჩვენთვის ბევრი რამ, შესაძლოა, შეიცვალოს თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნებასთან ერთად. მის შეხედულებებსა და მიდგომებს ბევრი საერთო აქვს „ქართული ოცნების“ პოზიციასთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კითხვაზე, განაგრძობს თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის კურსს 2025 წელს, მიქანაძემ აღნიშნა:
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნათლად ჩანს დასავლეთის ორმაგი სტანდარტები, არსებობს ობიექტური ინდიკატორები. მაგალითად, თუ ავიღებთ, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებთანაც ბრიუსელმა ახლახან დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, თუ შეადარებთ საერთაშორისო ინდექსებს, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირი აკეთებს დასკვნებს, საქართველო ამ ქვეყნებს უსწრებს რეფორმების დონითა და ევროკავშირთან შეთანხმების განხორციელების მრავალ ასპექტში, მაგრამ მათ მიეცათ ეს შესაძლებლობა, ჩვენთვის კი ევროკავშირში მოძრაობა დაბლოკილია. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირი შანტაჟის მექანიზმი გამოიყენება, თუმცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გავაგრძელებთ საშინაო დავალების შესრულებას. ვფიქრობთ, 2028 წლის ბოლომდე საქართველოს მხრიდან ყველა ვალდებულების 90%-ზე მეტი შესრულდება. დიდი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დროისთვის დასავლეთთან ურთიერთობა უკვე ნორმალიზდება, რაც აბსოლუტურად შეუფერხებელ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.