უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის ტერმინის შემოტანით პოლარიზაციის გაღრმავება მოხდა - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის ტერმინის შემოტანით პოლარიზაციის გაღრმავება მოხდა“.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რადიკალიზაცია და დეოლიგარქიზაციის თემით სპეკულაცია შემცირდეს, ცხადად უნდა იყოს დეფინირებული, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რა შედეგი აქვს მას.

„რადიკალიზაციის წახალისება მოხდა, ვინაიდან, ტერმინოლოგიამ გარკვეული დაბნეულობა შემოიტანა და ამას ყველა იყენებს პოლიტიკური კუთხით. სწორედ, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კანონი იქნას მიღებული, რომელიც კანონის დეფინიციას გააკეთებს. ასეთი კანონის ერთადერთი მაგალითი {უკრაინული მოდელი}, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი, შეაფასა, როგორც კარგი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ უკრაინული კანონი სიტყვა-სიტყვით იქნას გადმოღებული, არის ნაკარნახევი იმით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს პრაქტიკა მოიწონა.

„მეორე, ეს კანონი თავის დროზე შემუშავდა ისე, რომ ვერავინ იტყვის, რომ იქ რამე ქართული პოლიტიკური ინტერესები დევს შიგნით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.