პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლებრივი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურა.
ამ კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით აქტიურად არის დაკავებული.“, - განაცხადა ბრეგაძემ.