პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებსა და კვდება უამრავი ადამიანი, ამ ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან. ეს ხდება დღეს და არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია ან არალეგიტიმურია. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება, იყოს მისაღები, გამომდინარე იქიდან, რამდენად ჯდება ჩარჩოებში, რაც განსაზღვრული აქვს სახელმწიფოს სავაჭრო ურთიერთობებისთვის", - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ სანქცირებულ რუს ბიზნესმენს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები სავაჭრო ურთიერთობებზე ფარულად ესაუბრებიან.
„დავუშვათ, რომ ჩანაწერი ავთენტიკურია. საუბარია ორ ადამიანს შორის, რომელთაც აკავშირებთ ძველი ურთიერთობები. ეს საუბარი არის ძალიან ლაკონიური და ეხება სავაჭრო ურთიერთობებზე ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური, დაშვებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, როგორც უკრაინას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან გაზის ნაწილში. ნებისმიერი ლეგიტიმური სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში საუბარი არის ლეგიტიმური. როდესაც ძველი ნაცნობი გირეკავს და გთავაზობს ლეგიტიმური სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში რაღაც ინიციატივას და ამაზე რეაგირებ ლაკონიურად, ამაში არავითარი სკანდალი არ არის და ამიტომ ვერ ააგორეთ ეს თემა.
გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, მას არ უკავია არავითარი პოლიტიკური თანამდებობა, მას არ შეუძლია ასეთ დროს რაიმე პასუხის გაცემა და მარტივად ეუბნება საკუთარ ძველ მეგობარს, რომ ასეთი რამ ხელისუფლების წარმომადგენელთან უნდა გაირკვეს, თუ ეს ჩანაწერი ავთენტიკურია. შესაბამისად, დღესავით ნათელია ყველაფერი. ეს ჩანაწერი რომ ავთენტიკური იყოს, ეს არავითარ უხერხულობას ეს საუბარი არ ქმნის“, - განაცხადა კობახიძემ.