უკრაინასთან ერთად, იარაღი მოლდოვასა და საქართველოსაც უნდა გავუგზავნოთ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიზ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, უკრაინასთან ერთად, იარაღი მოლდოვასა და საქართველოსაც უნდა გაუგზავნოს. მისივე თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააორმაგონ.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთსა და სხვა ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ჰქონდეთ ძალა და შესაძლებლობები, შეინარჩუნონ მათი სუვერენიტეტი და თავისუფლება“, - განაცხადა ტრასმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ არა მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ის ტერიტორიაც, რომლის ოკუპაციაც მათ 8 წლის წინ მოახდინეს, მაგალითად, ყირიმის სამხრეთით და აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის ნაწილები.