უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

"უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ როცა ადამიანს ეპატიჟები, დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი, უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვესმის, როცა მეგობრობაზეა საუბარი, რატომ აბრალებ საკუთარ მეგობარს ყოვლად უსაფუძვლოდ ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს და თავისი შინაარსით დამაზიანებელია არა მარტო მეგობრობისთვის, არამედ მთლიანად იმ პროცესისათვის, რისთვისაც ორი ქვეყანა იბრძვის. ალბათ, მეგობრობის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს უკრაინულ მხარეს. რაც შეეხება უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, არც ერთი საერთაშორისო ფორუმი არ დარჩა, რომელშიც საქართველო აქტიურად ჩართული და უკრაინის მხარდამჭერი არ არის. ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვან იმ რიტორიკას, რაც დამაზიანებელია და ხელს უშლის იმას, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს.

რაც შეეხება ჩასვლა-არჩასვლას, ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გაგვაჩნია. საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ როცა პროვოკაციული განცხადებებით გეხმაურებიან, ხანდახან შეურაცხმყოფელია ასეთი ფორმით ურთიერთობის დროს ჩასვლა, მითუმეტეს სახელმწიფო პირველი პირების მიერ. საქართველო უკრაინას ძალიან მყარ მხარდაჭერას უცხადებს. შიდა პოლიტიკური კინკლაობის მაგალითია ჩამოხვალ თუ არ ჩამოხვალ, გეშინია - არ გეშინია. ასეთი სახის კინკლაობა ცოტა ამაზრზენ ხასიათს იძენს. ჩასვლის პრობლემა არავის აქვს. უბრალოდ, ადამიანს ადამიანურად უნდა მოეპყრო, როცა ეპატიჟები და დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი, უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო. უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არც მე და არც სხვა წარმომადგენელს არ გვაქვს, ალბათ, ამასთან დაკავშირებით, სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩასვლა ადრე თუ გვიან მოხდება, მაგრამ უკრაინის მხარემ არსებული ფონი უნდა მოხსნას. არ შეიძლება, სულ ნიშნის მოგებით გველაპარაკებოდნენ. იმის გამო, რომ აქ ომი არ მიმდინარეობს, ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს, არც შიდა და არც გარე წრისათვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.