უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე, თუმცა საჭიროდ მივიჩნიე პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

„გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე",-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

"არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი.

დღეს წინ გვიდგას ორი საკითხი, რომლებიც ერთად მოქმედებას გვაიძულებს: ეს არის, ახლად დასმული ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და უკრაინის მხარდაჭერის და მის ირგვლივ შექმნილი პრობლემატიკა. ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში კი აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით, გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა. ახლა ყველა მხრიდან ისმის: რა გავაკეთოთ? როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები? როდის და როგორ? გიპასუხებთ : ერთიანობა! ერთიანობა და ერთიანობა! არანაირი დაყოფა და ცალ-ცალკე სირბილი ჩვენს პარტნიორებთან! საჭიროა ერთიანი შეთანხმებული გეგმის მომზადება და წარდგენა, რომელიც შემდეგ არ დაექვემდებარება ანულირებას! პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, რიგითი მოქალაქეები, ყველა ერთი გეგმის ირგვლივ და ერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ და ვმოქმედებდეთ.

ვმუშაობდეთ იმ რეფორმების პაკეტზე, რომლის შესრულება აუცილებელი იქნება თუ სერიოზულად ვხედავთ ჩვენ მომავალს ევროპაში. ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება, რომლის გარეშეც, აქამდე ევროკავშირში არცერთი ქვეყანა გაწევრიანებულა. ასევე, უკრაინის ომის მიმართ ჩვენი მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს, არ შეიძლება ვინმეს, მოყვასსა თუ მტერს, ეჭვი გაუჩნდეს, რომ ჩვენ ესოდენ ეგზისტენციალური ყოფნა არ ჰყოფნის საკითხზე ვერ ვთანხმდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ბევრად საღად აზროვნებს და მისი კონსოლიდაცია შესაძლებელია. ნათელია, რომ ქვეყანა, რომელიც ისტორიულად დამოუკიდებლობის დაცვის და უთანასწორო ომების სამაგალითო მემკვიდრეა, მორალურად უკრაინის მხარეს დგას. ასევე, ნათელია, როგორც ამერიკის სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა თავად ახსნა, რომ არ შეიძლება ვინმეს არ ესმოდეს რა განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და საოკუპაციო ხაზი დედაქალაქიდან 40 კმ-ში გადის.

ჩვენი გზა ხომ ერთია: პრინციპული, თუმცა გონივრული, არც კონფრონტაციისკენ პროვოცირება, არც წინსწრებით დათმობის და ზედმეტი სიფრთხილის ბუნდოვანი პოლიტიკა. თუკი, ეს ხაზი გახდება ჩვენი გამაერთიანებელი, ადვილი იქნება ამ ჭრილში განვიხილოთ ყველა სენსიტიური საკითხი, სანქციები თუ სხვა. ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან. მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.