თუ უკრაინას ევროკავშირი მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მიანიჭებენ, განვიხილავთ გაწევრიანების დაჩქარების საკითხს - ნიკოლოზ სამხარაძე

სამხარაძე

"თუ უკრაინას ევროკავშირი მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. განვიხილავთ გაწევრიანების დაჩქარების საკითხს", - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ განაცხადი განაცხადად არ დარჩეს, საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება.

"ჩვენი საელჩო მუშაობს ამაზე, ასევე პრეზიდენტი იმყოფება ბრიუსელში, ექნება მაღალი დონის შეხვედრები და ისიც დააყენებს ამ საკითხს. დღეს, მთავარი ფოკუსი არის უკრაინაზე, რადგან იქ არის ომი, შესაბამისად, რისკები არის ჩვენთანაც და სწორედ ამას ვამბობ, თუ უკრაინას მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.

განაცხადთან დაკავშირებით, იცით, რომ 2024 წელს უნდა შეგვეტანა, დღეს ჩვენ, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვაში, შორს ვართ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისგან, რამდენიმე წლის სამუშაო გვჭირდება, თუმცა, ამ ვითარებაში რაც რეგიონშია, განვიხილავთ დაჩქარების საკითხს, ამისთვის პირველ რიგში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომ განაცხადი განაცხადისთვის არ გაკეთდეს", - განაცხადა სამხარაძემ.