თუ თვლიან, რომ ეს მათთვის დამაჩქარებელი პროცედურა იქნება, ცოტა სხვა რამეს უფრო დააჩქარებს, ვიდრე გაწევრიანებას - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

ევროკომისია ავალდებულებს უკრაინას, რომ მიიღოს კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს. უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიას გაუგზავნეს ერთობლივი წერილი, სადაც გამოხატეს შეშფოთება უკრაინაში ინიციირებული სამოქალაქო კოდექსის პროექტის გამო.

მათი თქმით, კანონპროექტი ზღუდავს ერთნაირსქესიან წყვილთა სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობებს. ინფორმაციას, ევროკომისიის საპასუხო წერილზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა "მეჟა" ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ერთნაირსქესიანი ოჯახების რეგისტრაციის შესაძლებლობის ვალდებულება აიღო.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატიას ახალი ინიციატივები აქვს ვადების შემჭიდროებასთან დაკავშირებით.

"ალბათ თვლიან, რომ ეს გზას გაუხსნის მათ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. იცით, რომ რაღაც ახალი ინიციატივები ჰქონდა ევრო ბიუროკრატიას ვადების შემჭიდროებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მათ არ უშველის, რადგან იქ არის გარკვეული პროცედურები და არიან ქვეყნები, რომლებიც მოითხოვენ ამ პროცედურების დაცვას. თუ თვლიან, რომ ეს მათთვის დამაჩქარებელი პროცედურა იქნება, ცოტა სხვა რამეს უფრო დააჩქარებს ვიდრე გაწევრიანებას,"- აცხადებს შარმანაშვილი.