1771531835
ბრალდების მხარე დაკითხავს მოწმეებს, მათ შორის, დაიკითხება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, რომელსაც ჩატარებული აქვს სხვადასხვა კვლევა - ჯანგველაძის საქმის პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პოლიციის მობილიზებაა.
უკვე რამდენიმე პროცესია, პოლიცია იცავს ტერიტორიას, რადგან დაზარალებულისა და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურად არაერთხელ დაუპირისპირდნენ. მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც სამართალდამცველებმა 15 პირი დააკავეს. პროცესზე დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.
"დღეს გაგრძელდება სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარე დაკითხავს მოწმეებს, მათ შორის, დაიკითხება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, რომელსაც ჩატარებული აქვს სხვადასხვა კვლევა. ასევე, დაიკითხებიან მოწმეები, სასტუმრო "თაუერის" თანამშრომლები და ასევე, დაიკითხება ტაქსის მძღოლი, რომელმაც გელა უძილაური მიიყვანა გიორგი ჯოხაძის ნათესავთან - მამუკა ბაღდავაძის სამსახურთან. სასტუმროს თანამშრომელმა, რომელიც დაიკითხა, განმარტა, რომ გიორგი ჯოხაძე ამ სასტუმროში სარგებლობდა პრივილეგიებით, იმ კუთხით, რომ მას არ ახდევინებდნენ თანხას და ისე სარგებლობდა სხვადასხვა მომსახურებით. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ესეც საინტერესოა ბრალების მხარისათვის. რაც შეეხება სასტუმროს თანამშრომლები სხვა კუთხით რას შეესწრნენ და რა ინფორმაციას ფლობენ, ამაზე გამოძიების ეტაპზეც გამოკითხულები არიან და სასამართლოშიც აწვდიან ინფორმაციას", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.










