თუ ცუდად მოიქცევიან, მხოლოდ პროტესტი კი არა, ბევრი რამ დაგვჭირდება - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადის და მას ჩააგდებენ - ეს დღევანდელი სესიის ერთადერთი განსახილველი საკითხია. პლენარული სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩაივლის. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იკრიბებიან. გადაწყვეტილება ღამით აქციაზე მიიღეს. ძირითადი აქცენტი ბრძოლის ბოლომდე მიყვანასა და საქართველოს ევროპული გზის მნიშვნელობაზე კეთდება.

პარლამენტთან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი თქმით, მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება სამართლებრივადაც გაფორმდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანი პოზიცია, მათ შორის, ახალგაზრდების და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართულია ამ პროცესში, რომ ეს სამართლებრივად ბოლომდე მივიყვანოთ და წაიღონ უკან ის რუსული კანონპროექტი, რომელმაც ძალიან სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ ახლა დარბაზში უნდა დავინახოთ ის შედეგი, რომელზეც ვიბრძოდით ამდენი ხანი და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება და შესაძლოა აქციები კიდევ გახდეს საჭირო.

"ეს არის პირველი წარმატება, რაც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არ არის გამარჯვება, საბოლოო გამარჯვებისთვის ძალიან ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლა დაგვჭირდება. შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს გამოსვლები და შეკრებები. თუ ცუდად მოიქცევიან, მხოლოდ პროტესტი კი არაა, ბევრი რამ დაგვჭირდება და, მე ვფიქრობ, რომ ახლა პირველი გაფრთხილება მივეცით, მაგრამ ესენი არ გასწორდებიან, ნდობა ნულია. 2-3 დღეში შესაძლოა თავი წამოყონ, ამიტომ ყურადღებით ვიყოთ და ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.