„თუ პრეზიდენტი კრიმინალებს შეიწყალებს, ერი პასუხს მოსთხოვს“ - თეა წულუკიანი

მინისტრი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უსამართლოა, რადგან ბავშვმაც კი იცის, რამდენი კარგი საქმე აქვს გაკეთებული მას.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს და შეიწყალებს პოლიტპატიმრებს, მაშინ პასუხი მოეთხოვება.

„აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ არის 300-იოდე ევროპელი ევროპარლამენტში, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ. მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ბავშვმაც კი იცის და თვით „მთავარი არხის“ ჟურნალისტმაც იცის, რომ ივანიშვილს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს სია იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა,

შესაბამისად, დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ ყველა არ მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს.

პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდგომ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს, შეიძლება, არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში.

ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი და თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისათვის პასუხს მოსთხოვს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დროს 10 ივნისს განაცხადა, რომ „არავის არ უნდა გადავაყოლოთ ევროპული მომავალი – არც სააკაშვილს, არ გვარამიას და არც ივანიშვილს“.