დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეობის მსურველთა წარდგენის ვადა იწურება. ბოლოს წინა დღეს სამ კანდიდატს კიდევ ერთი დაემატა - პარტიის პირველი პირის პოსტისთვის ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი მუმლაძის პარალელურად, ნონა მამულაშვილი იბრძოლებს.
მან ერთი თვის წინ პარლამენტიც დატოვა და პარტიაც. მაშინ ნონა მამულაშვილმა 2020 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს "ყველაზე სამარცხვინო" უწოდა, "ნაციონალური მოძრაობა" კი "პოლიტიკისგან დაცლილად" გამოაცხადა.
"მივესალმებით ნონა მამულაშვილის კანდიდატურასაც, წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა მე პირადად მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს და დარწმუნებული ვარ ეს ენერგიული, აქტიური, მებრძოლი ადამიანი გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. განახლების, ცვლილებების, უკეთესობისკენ შეცვლის დრო არის ყოველთვის და დღეს, როგორც არასდროს "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება ახალი ენერგია და ბრძოლისუნარიანობა, ახალი მუხტი, ამიტომ დარწმუნებული ვარ 28-29 იანვარი იქნება ის თარიღი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ახალი ენერგიით გააგრძელებს ბრძოლას," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
პარტიის საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მთავარია კანდიდატურთა რეგისტრაცია დასრულდეს და შემდგომ უკვე თითოეული კანდიდატი საარჩევნო კამპანიას გამართავს.
"დემოკრატიული პროცესის გულისთვის ეს კარგია, ყველას ვუსურვებ წარმატებას. მთავარია, რომ დასრულდეს რეგისტრაცია, შემდგომ უკვე კამპანიას გამართავს თითოეული კანდიდატი და ჩვენმა მხარდამჭერებმა და ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.