Transparecia Electoral: საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რათა არჩევნების გამჭვირვალობა და ეფექტიანობა გაეუმჯობესებინა

არჩევნები

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, - ამ განცხადებას Transparecia Electoral-ი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით საქართველოს მათი მოკლევადიანი დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ასევე ორგანიზაცია „ისფედის“ წარმომადგენელს შეხვდნენ და საარჩევნო პროცესზე გამჭვირვალობის სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Transparecia Electoral-ის დელეგაციის წარმომადგენლები არჩევნების დროს, რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და დღის დასრულების შემდეგ, არჩევნების შედეგების გამოცხადებასაც აკვირდებოდნენ.

„არჩევნების დღეს ჩვენი დელეგაცია თბილისის საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდა და საარჩევნო პროცესში დანერგილ ახალ ტექნოლოგიას დააკვირდა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისთვის დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რათა არჩევნების გამჭვირვალობა და ეფექტიანობა გაეუმჯობესებინა. ამასთან დაკავშირებით როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა საარჩევნო მისიები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღეს ახალი ტექნოლოგიები სწორად მუშაობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.