ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.

„ჩვენ ვაღწევთ პროგრესს მძევლების გათავისუფლების საკითხში. სულ 59 მძევალია, თუმცა მხოლოდ 24 მათგანია ცოცხალი. ისრაელისთვის ისევე მნიშვნელოვანია ცხედრების დაბრუნება, როგორც ცოცხლების“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ორი კვირის წინ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესახებ.

„როდესაც ორი კვირის წინ შევხვდი მძევლების ოჯახებს, ვერ დავიჯერე, რა გამოიარეს. ისინი ამბობდნენ, რომ 59 მძევლიდან მხოლოდ 24 არის ცოცხალი და დანარჩენი გარდაცვლილების დაბრუნებაც ისევე სურთ, როგორც ცოცხლების. ეს მართლაც საოცარი და, ამავდროულად, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვუახლოვდებით მათ დაბრუნებას. ბევრი უკვე დაბრუნდა და ბევრი ადამიანი მადლიერია. ზოგიერთი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში დაბრუნდა. თუ დასხდებით და გაესაუბრებით მათ, როგორც მე ვესაუბრე, მიხვდებით, რომ მათ წარმოუდგენელი რამ გამოსცადეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც ისრაელთან, ასევე „ჰამასთან“.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ისრაელთან, ვთანამშრომლობთ „ჰამასთან“ და ეს საშინელი დაჯგუფებაა“, – განაცხადა ტრამპმა.