მამუკა მდინარაძე: კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება შეუქცევადად, ვიდრე ჩვენი გუნდი ამ ქვეყნის სათავეში იქნება. აბსოლუტურ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ კორუფციასთან ვიქნებით შეუწყნარებლები

მამუკა მდინარაძე

როდესაც ერთი მხრივ გუნდის უმრავლესობა იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ამ რთული გამოწვევის ფონზე, ამ დროს, მეორე მხრივ კორუფციაში, არაკანონიერ გარიგებებში შესვლა შეგვიძლია მოვიხსენოთ, როგორც პირდაპირ ღალატად საკუთარი გუნდის და შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყნის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება კორუფციასთან შეუწყნარებელი იქნება.

„მე ისიც მოვისმინე წინა დღეების განმავლობაში, თითქოს ეს არის წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და მე პირობას ვაძლევ ყველა ასეთი ეჭვის (არათუ განცხადების) ავტორს, რომ კორუფციასთან ბრძოლა შეუქცევადად გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც, ვიდრე ჩვენი გუნდი ამ ქვეყნის სათავეში იქნება. აბსოლუტურ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ კორუფციასთან ვიქნებით შეუწყნარებლები. თქვენ ახსენეთ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ მას დაუმტკიცდება დანაშაული, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდით, ვიბრძვით, თავი გვქონდა და გვაქვს გადადებული და ამ დროს ვიღაცა გვერდით ხელს ითბობს და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, ეს არც მორალურად და არც კანონის მიხედვით გამართლებული საქციელი არ არის. ამიტომაც არავის მიმართ არ ვიქნებით შემწყნარებლები, თუკი კორუფციულ ფაქტებში ექნებათ ხელი გასვრილი.

წინა დღეებში ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაატარეს ბრიფინგი - გზები, სკოლები რომლებიც უნდა აშენებულიყო და არ აშენდა… არამხოლოდ უკანონობასა და ამორალურობაზე უნდა ვისაუბროთ კორუფციის შედეგებით, არამედ ამ შედეგებზე უნდა ვისაუბროთ, ვიღაცის მიერ კორუფციულ გარიგებებში შესვლა რად უჯდება სკოლისა და ბაღის მოსწავლეს, მის მშობელს, მუნიციპალიტეტს, საზოგადოებასა და ზოგადად ქვეყანას. ამ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ და როდესაც ერთი მხრივ გუნდის უმრავლესობა იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ამ რთული გამოწვევის ფონზე, ამ დროს მეორე მხრივ კორუფციაში, არაკანონიერ გარიგებებში შესვლა შეგვიძლია მოვიხსენოთ, როგორც პირდაპირ ღალატად საკუთარი გუნდის და შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყნის. ამას გამართლება ვერ ექნება და შეიძლება ზედმეტად მკაცრი სიტყვა იყოს ჩემი მხრიდან, მაგრამ დანდობაც ვერ იქნება იმ ადამიანების, ვინც ორმაგ დანაშაულს სჩადიან იმით, რომ ამ პირობებში კორუფციულ გარიგებებში შედიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.