ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1738772877
USAID-თან დაკავშირებულმა სკანდალმა კიდევ ერთხელ ყველა დაარწმუნა იმაში, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის საკითხი ძალიან აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში.
„ამერიკული ფონდების პარალელურად ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაფინანსება და რა მიზნებით მომდინარეობა ბრიუსელიდან თუ ევროპის სხვა დედაქალაქებიდან საქართველოს მისამართით და და რეალურად რას ხმარდებოდა ეს რესურსები.
სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მაგალითიც მოიყვანა, როდესაც მან წერილიც გამოაქვეყნა - თუ არ ვცდები, 2023 წელს მიმართა ევროკავშირის ელჩს ერთ-ერთი ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით. ეს არის EED - ევროპის დემოკრატიის ფონდი. რამდენიმეთვიანი დაყოვნების შემდეგ პასუხი იყო ძალიან ბლანკეტური და ზოგადი რაც არავითარ დეტალურ ინფორმაციას არ შეიცავდა ამ ფონდის მიერ გაღებულ რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც იყო დაბანდებული ქართულ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებში.
რასაკვირველია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან დეტალური პასუხი იმის შესახებ, თუ რას მოხმარდა, სად იყო მიმართული თითოეული ცენტი, რომელიც იყო მომართული საქართველოსკენ იქნებოდა ეს ამერიკის შეერთებული შტატები და შესაბამისი ფონდები თუ ევროპული ფონდები. ამ მიზნითაც რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, რომელიც დღეს დაანონსდა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ,,ფარას’’ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.