თორნიკე ჭეიშვილი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ვინაიდან მოხდა USAID-ის და NED-ის, ამ ცენტრალური ფონდების საქმიანობის შეჩერება, სიმძიმის ცენტრმა ახლა უკვე გადმოინაცვლა ევროპის კონტინენტზე

თორნიკე ჭეიშვილი

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებულ შტატებში ვინაიდან მოხდა USAID-ის და NED-ის, ამ ცენტრალური ფონდების საქმიანობის შეჩერება, სიმძიმის ცენტრმა ახლა უკვე გადმოინაცვლა ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირში. დიდი ბრიტანეთიც ასე თუ ისე ამაში მონაწილეობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა უცხოურ დაფინანსებაზე საუბრისას.

„ბოლო წლების განმავლობაში თურმე ყოფილა ძალიან სერიოზული პრობლემები იმასთან მიმართებით, თუ სად მიდის რეალურად ეს მილიარდობით დაფინანსება. ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია ლაპარაკობს და ძალიან კარგია ის, რომ რასაც ვამბობდით ჩვენ და ვახდენდით საზოგადოების ინფორმირებას ამის თაობაზე, ახლა უკვე ევროკავშირის შესაბამისი თანამდებობის პირები თუ ინსტიტუციები საუბრობენ. საუბარია კონკრეტული აუდიტის შედეგებზე.

ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ გაცილებით უფრო მწვავე შეფასებები ამ ფონდების საქმიანობასთან და მათ მიზნებთან მიმართებით, ვიდრე შეიძლება გაკეთებულიყო ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვსაუბრობთ ნამდვილად დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს საქმის კურსში, რეალურად იმ მოვლენებთან მიმართებით, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში და რა ტენდენციებიც არის საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.