ლევან მოსეშვილი: თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად, სტრატეგიულ მიმართულებად, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას

ლევან მოსეშვილი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად და სტრატეგიულ მიმართულებად.

ლევან მოსეშვილის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის მიმართულება. ჩვენთვის სტრატეგიულ ქვეყანას წარმოადგენს. მხოლოდ წელს, რვა თვეში ორ ქვეყანას შორის 900 ათასამდე მგზავრს მოვემსახურეთ, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 45%-ს შეადგენს.

შესაბამისად, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. ანკარიდან თბილისში პირველი რეგულარული რეისი Turkish Airlines-ის შვილობილმა  დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა სავსე ბორტით შეასრულა. რეგულარული ფრენები საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება.