ტექნიკური პროფილის არმქონე პროგრამები მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში - პრემიერი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტების მიღება აღარ მოხდება.

მისივე თქმით, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში მილევად რეჟიმში დარჩება.

"საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 90-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა. სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში", - განაცხადა კობახიძემ.