ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, ასევე გვაქვს ჩვენი გეგმა - ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური

ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, ქარტიის ფორმატში ვთანამშრომლობთ პრეზიდენტთან. ვცვლით ინფორმაციას, მათ შორის, მტკიცებულებებს ყველასთან. ასევე გვაქვს ჩვენი გეგმა, რაც არ არის დამოკიდებული სხვაზე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს რატომ არ ესწრებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას და რატომ არ იყვნენ ოპოზიციის ბრიფინგზე.

„ბრიფინგზე ყოფნა თვითმიზანი ხომ არ არის. მთავარია, ვართ ტექნიკურ პროცესში, ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან. ქარტიის ფორმატში ვთანამშრომლობთ პრეზიდენტთან. ვცვლით ინფორმაციას, მათ შორის, მტკიცებულებებს ყველასთან. დღესაც მტკიცებულებებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა წარმომადგენელმა. ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან ცალკეც და ქარტიის ფორმატშიც. ასევე გვაქვს ჩვენი პროცესი და გეგმა, რაც არ არის დამოკიდებული სხვაზე. ჩვენი პროცესი საერთო საქმეს აძლიერებს. მთავარი ეს არის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა სამი ოპოზიციური გაერთიანების გეგმას, ბუჩუკურმა აღნიშნა:

„ჩვენი გუნდი მშვიდობიან აქციებში იღებს მონაწილეობას, არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა ვიდგებით ხალხთან ერთად“.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ დღეს შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ.