1768763069
თენგიზ შარმანაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: საია-ს რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონოდა, ჩვენს ეროვნულ სასამართლოშიც წარმოადგენდა. ყალბი ნარატივების გარდა მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს
საია-ს რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონოდა, ჩვენს ეროვნულ სასამართლოშიც წარმოადგენდა. ყალბი ნარატივების გარდა ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
„საია-ს რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონოდა, ჩვენს ეროვნულ სასამართლოშიც წარმოადგენდა. ყალბი ნარატივების გარდა ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. ზუსტად ამას ვამბობთ, რომ ევროპამ დაკარგა თავისი სახე და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიმართლეს, არგუმენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ სამართლებრივი ხასიათის არანაირი დოკუმენტი, მთავარია მათთვის ყალბი ნარატივები. ამაზე აგებენ მერე ყველაფერს დანარჩენს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება. ერთ-ერთი მოსარჩელე სტრასბურგის სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.











