1766497440
თენგიზ შარმანაშვილი: პარლამენტს როცა ცეცხლს უკიდებ და ამბობ, რომ გამოხატვის თავისუფლებაა, შენთანაც გამოჩნდება ვინმე, ვინც იმავეს გააკეთებს, ბუმერანგის ამბავია
ბუმერანგის ამბავია, როდესაც ახალისებ ან თავად აკეთებ რამე ისეთს, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგიბრუნდება. პარლამენტს როდესაც ცეცხლს უკიდებენ, მერე ამბობენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, შენს ქვეყანაშიც გამოჩნდება ხალხი, ვინც იმავეს გააკეთებს და გამოხატვის თავისუფლებას დაარქმევს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც უხეშად ერევი სხვის საქმეში, ეს უკან დაგიბრუნდება.
„კაია კალასის სამშობლომ დილით ცუდად გაიღვიძა და თქვა, ასე უნდა გავაკეთოო. არგუმენტები რომ ჰქონდეთ, სამართლებრივ პროცედურებს გაჰყვებოდნენ. ოლიმპიურ ჩემპიონთან რა საქმე აქვს ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებს, ვინც დაასანქცირა?! დეპუტატი სხვაც არის, რაღა ამ ოლიმპიურ ჩემპიონს ეცნენ? ყველაზე უფრო დიდი დამნაშავეა „დემოკრატიის უკუსვლისა“? ამიტომ გეუბნებით, სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და მივესალმები ამას. თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანია ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი.
აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.
მოგვიანებით, აშშ-ის აღნიშნული ქმედება დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა“.











