1766497440
თენგიზ შარმანაშვილი: ვინაიდან კომისიას ვქმნით, ჩვენ ამით პოლემიკას ვხსნით და საზოგადოებას ვეუბნებით - თუ ვინმეს რამე არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრის ამ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სოციალური ნაბიჯის წინააღმდეგ, მოვიდეს და გვითხრას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ სურსათის ფასების შემცირების მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ თემაზე პოლემიკის გახსნას ნიშნავს. დეპუტატი საზოგადოებას ამ დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
„ვინაიდან კომისიას ვქმნით, ჩვენ ამით პოლემიკას ვხსნით და საზოგადოებას ვეუბნებით - თუ ვინმეს რამე არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრის ამ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სოციალური ნაბიჯის წინააღმდეგ, მოვიდეს და გვითხრას. შევიდეს პოლემიკაში. მონოლოგის რეჟიმში რაღაცების საუბარი ისევ ჩაითვლება იმად, რომ ეს არის მართლაც „ნაცკლასტერი“ და მართლაც არაფერი აინტერესებთ“, - აცხადებს შარმანაშვილი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, ფასების შემცირების მიზნით. სურსათის ფასების შემცირების მიზნით, ბიზნესთან კონსულტაციები დაიწყება. საგაზაფხულო სესიიდან სპეციალური კომისია შეიქმნება პარლამენტში. ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს.










