თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას ყველასთან, მათ შორის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, რაიმე პრო ირანულობაზე საუბარი ზედმეტია

თენგიზ შარმანაშვილი

ჩვენ გავატარებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას ყველასთან, მათ შორის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, რაიმე პრო ირანულობაზე საუბარი ზედმეტია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

იგი ჯო უილსონისა და ლორა თორნტონის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების პრო ჩინურ და პრო ირანულ კურსზე საუბრობდნენ.

„ფაქტობრივად, პრო რუსული ნარატივი ჩამოიშალა და უკვე პოპულარულიც აღარ არის, იმდენი იძახეს, „რუსული, რუსული“, რომ აქტუალობა დაკარგა. დღეს აგერ, ტრამპიც ამბობს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, მზად არის, შეხვდეს პუტინს და უკვე პირდაპირ პუტინთან ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრაზეა საუბარი. ამდენად, მათმა „ტოპ-ტვინებმა“, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩათვალეს, რომ რაღაც დამატებითი ელემენტები უნდა შემოეტანათ.

მოდით, საკითხი ორად გავყოთ. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ძირითადად, რა თქმა უნდა, გამოიხატება ეკონომიკურ ინტერესებში და ეკონომიკურ ურთიერთობაში. როგორ შეიძლება, ჩვენ ვინმემ დაგვადანაშაულოს ჩინეთთან ურთიერთობაში, როდესაც ევროკავშირს ჩინეთთან 5მლრდ-ზე მეტი ბრუნვა გააჩნია და ასევე 5მლრდ-ზე მეტი ბრუნვა აქვს აშშ-ს ჩინეთთან. ამასთან შედარებით ის ბრუნვა, რაც საქართველოს ჩინეთთან ექნება, ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე, მარტივად რომ ვთქვათ, სასაცილოა.

ამდენად, ესეც დაძაბულობის შემოსატანადაა, რომ აჩვენონ, თითქოს, საქართველომ დასავლეთის კურსს გადაუხვია. როგორ გადაუხვია საქართველომ, როდესაც თავად დასავლეთს, ევროპას ჩინეთთან 5მლრდ-ზე მეტი ბრუნვა აქვს?!

ახლა რაც შეეხება ირანს, ეს საერთოდ წარმოუდგენელი თემაა. რაში გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ ახლო სამეზობლო ურთიერთობებში გვაქვს ჩვეულებრივი, ნორმალური ურთიერთობა?! რა თქმა უნდა, მათ უნდათ, გვიბიძგონ, ცეცხლი დაინთოს ჩვენს გარშემო. ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან, დაბალანსებულ პოლიტიკას. არავითარ პრო ირანულ პოლიტიკას ჩვენ არ გავატარებთ და არავის წინააღმდეგ, ეს მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ გავატარებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას ყველასთან, მათ შორის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, რაიმე პრო ირანულობაზე საუბარი ზედმეტია. ესეც შემოგდებული თემაა იმისთვის, რომ დამატებითი ელემენტი შემოიტანონ იმის განსასაზღვრად, რომ თითქოს, დასავლურ კურსს გადავუხვიეთ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.