თეა

თეა წულუკიანი გალკინის კონცერტის გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს

კულტურის მინისტრის განცხადებით, ინფორმაცია იმაზე, რომ მაქსიმ გალკინსა და ანდრეი მაკარევიჩს უწყების მიერ უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე, არასწორია.

თეა წულუკიანის თქმით, სპორტის სასახლე სამინისტროს მმართველობაში მოქმედი ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, კონცერტის ჩატარების საკითხი სამინისტროს კომპეტენციას სცილდება.

„ბატონი გალკინის და კიდევ რამდენიმე რუსი შემოქმედის კონცერტი კერძო სექტორში ყოფილა დაგეგმილი. მაგალითად, ძველ სპორტის სასახლესა და კიდევ სხვა ლოკაციებში. ეს [ღონისძიებები] გაუქმდა და ამაზე საყვედურობენ კულტურის სამინისტროსა და ხელისუფლებას ზოგიერთ ვითომ მედიასაშუალებები, რომლებიც ყალბი ამბების გავრცელებით არიან დაკავებულები. ამ პრეტენზიის ადრესატი ვერ იქნება სახელმწიფო, იმიტომ რომ კერძო სექტორში კონცერტი გაიმართება თუ არა, ამას სახელმწიფო არ აკონტროლებს, ვერ აკონტროლებს და არ უნდა აკონტროლებდეს.

მე შემიძლია სახელმწიფოს პოზიციიდან მხოლოდ ის ვთქვა, რაც არის ჩემი კომპეტენციის სფერო, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო დარბაზები, იქნება ეს თბილისში, ფილარმონიის დარბაზი, ასევე უპრეცენდენტო მასშტაბის ინვესტიციის შედეგად შექმნილი Black Sea Arena, რომელიც ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს გადმოსცა. ფილარმონიაში 2 ათასზე მეტი მაყურებელი ეტევა, Black Sea Arena-ზე 6 ათასზე მეტი, ნებისმიერ დაინტერესებულ შემოქმედს შეუძლია სახელმწიფო სივრცეს თუ ეძებს ერთი ან მეორე სივრცე გამოიყენოს“, - აცხადებს წულუკიანი.