თეა ახვლედიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

რეკლამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტის მნიშვნელობას განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს არ ეძლევათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

თეა ახვლედიანმა სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება. სახელმწიფო მინისტრმა ასევე მიმოიხილა ჩართულობის სხვადასხვა სფეროს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის კუთხით გაწეული ძალისხმევა.

თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, ასევე აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.