წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770233617
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალთან დაკავშირებით აუდიტის შედეგად გაჩნდა კითხვები და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნა.
„2025 წლის თბილისის მერის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც 2023-2024 წლების პერიოდს მოიცავს.
აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება. მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას. შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.