თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 10-ჯერ ზრდის - ბენეფიტი 10 000 ლარი იქნება

Tbilisis meria

„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებას მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც ძირითადი ადგილი დაეთმობა.

„მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონდეთ და არავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს 100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1 000 ლარს გადასცემს. წლების განმავლობაში ასე იყო, წელს კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზარდოს და 10 000 ლარი გადავცეთ 100 წელს შესრულებულებს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.