"თავისუფლება" - რა არის წელს 26 მაისის მთავარი სლოგანი

26 მაისი

დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად დედაქალაქის მთავარი გამზირი და პარლამენტის შენობა თემატიკასთან შესაბამისი ატრიბუტიკით ფორმდება.

როგორც "პრაიმტაიმს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია "თავისუფლება", რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს - ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა. 

გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ - "ევროპისკენ" და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები. 

წინა წლებში,  სადღესასწაულო ღონისძიებების თემატიკა მოიცავდა ასევე "დამოუკიდებლობიდან 100 წელს" და "ვეფხისტყაოსანს", შესაბამისად, ფორმდებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაც. 

თემატიკის მიხედვით გაფორმდა საკანონმდებლო ორგანო 2011 წელსაც, თუმცა რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების სასტიკმა დარბევამ, რა დროსაც ასობით ადამიანი დაშავდა, ღონისძიების სულისკვეთება სრულად გადაფარა.