1771582865
ტატა ხვედელიანი: ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები, არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ
ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები, შესაბამისად, არავითარ გაერთიანებაზე არ არის საუბარი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
რაც შეეხება კონკრეტულად „ლელოსთან“ თანამშრომლობას, ხვედელიანი აღნიშნავს, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არ გააგრძელეს თანამშრომლობა და ჯერ არაფერს განიხილავენ.
„ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ. ჩვენთვის წითელი ხაზია ჩვენს ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები. შესაბამისად, არავითარ გაერთიანებაზე არ არის საუბარი. მისასალმებელია, თუ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ლელომ“ გადაწყვიტა, რომ მარტო იპოზიციონეროს და განაგრძოს ბრძოლა. ჩვენ მათთან თანამშრომლობის პრეცედენტი გვქონდა, რათა საერთო მიზანი მიღწეულიყო, საერთო პოზიციები გაგვეძლიერებინა და თვითმმართველობის არჩევნების ფორმატში ვითანამშრომლეთ. ამის შემდეგ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელებულა. ჯერჯერობით ჩვენ არაფერს განვიხილავთ, თუმცა ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – აღნიშნა ხვედელიანმა.
პარტიამ „ძლიერი საქართველო – ლელო“ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში, ამასთან, გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.










