ტანგოს რუსეთი ცეკვავდა სააკაშვილის რეჟიმთან, ხოლო ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ - ზარქუა

zarqua

ტანგოს რუსეთი ცეკვავდა სააკაშვილის რეჟიმთან, ხოლო ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუა ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კარასინი ამბობს: „ჩვენ ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთი გამოთქმა – ტანგოსთვის საჭიროა ორი. დუეტის ერთ მონაწილეს თუ ეჭვი ეპარება, ძალდატანება არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“.

ირაკლი ზარქუას თქმით, ფრენების აღდგენის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია.

„კარასინის ამ პოზიციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩვენ ვთქვით, მილიონამდე ეთნიკურად ქართველი არის რუსეთის მოქალაქე, დღეს რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, შემოვიდნენ ქვეყანაში და არ არიან შეზღუდული, მივესალმებით, თუ მოხდება პირდაპირი რეისების, ფრენების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს ცეკვავდნენ წინა ხელისუფლებასთან და სხვათა შორის, ამის თაობაზე ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის, ამ არჩევნების პერიოდში რაც ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, ვინ როგორ აბრალებდა რუსული ინტერესების გატარებას. კიდევ ერთხელ ცხადია, რომ ტანგოს ცეკვავდნენ ზუსტად სააკაშვილის რეჟიმთან, ხოლო ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.